19 სექტემბერი 2021,   12:44
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია. მისი პირველი ვიზიტი საკანონმდებლო ორგანოში შედგა. რიკ დაემსი  უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს თუ რაზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საუბარი შეეხო, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება იყო. ასევე, მათი განცხადებით, საუბარი იყო 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის შესახებ. 

"საუბარი შეეხებოდა 5 ივლისის ამბებს და ჩვენი მოსაზრებები ვთქვით ამასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას,“ - აცხადებს ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მოწოდებაზე საუბრობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შეხვედრის დროს გაჟღერდა.

"5 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჟურნალისტების უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლების ძალიან სერიოზული საფრთხე და სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება. არ დავმალავ და გეტყვით, რომ მოწოდება იყო ჩვენს მიმართ, შევუერთდეთ შეთანხმებას იმისთვის, რომ არ მივცეთ არავითარი საბაბი "ქართულ ოცნებას". ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით, მაგრამ ზოგადად ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და ნამდვილად აქვს სრული ინფორმაცია ბატონ პრეზიდენტს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ. 

"ცალსახად მივუთითეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა და დარღვევა. ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობებში. მაგრამ, აუცილებელია იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, იყოს წნეხი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, განხორციელდეს სრულად,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრის დროს შეეცადნენ ესაუბრათ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე და ამისთვის რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

 

დღის ამბები