19 სექტემბერი 2021,   12:19
ვრცლად
პიცა იტალიისთვის, დრაკულა რუმინეთისთვის და ჩერნობილი უკრაინისთვის - რისთვის უხდის ბოდიშს სამხრეთ კორეის ტელევიზია ქვეყნებს

პიცა იტალიისთვის, დრაკულა რუმინეთისთვის და ჩერნობილი უკრაინისთვის - ფოტოები და წარწერები სამხრეთ კორეის ტელევიზიამ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების ამოსაცნობად გამოიყენა. 

მაყურებლის დიდ ნაწილში მსგავსმა იდენტიფიცირებამ აღშფოთება გამოიწვია და მათივე შეფასებით "შეურაცხმყოფელი" და "სულელური" ვიზუალური ეფექტების გამო ტელევიზიას მოგვიანებით ბოდიშის მოხდაც მოუწია. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ტელეარხის განცხადებით, სურდათ, მაყურებლისთვის ქვეყნების ამოცნობა გაეადვილებინათ, თუმცა "უპატიებელი შეცდომა" დაუშვეს.  

როგორც ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა პაკ სონ ჩჟემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხმა ამ ნაბიჯით "დარტყმა მიაყენა ოლიმპიურ ღირებულებებს - მეგობრობას, სოლიდარობას და ჰარმონიას".

"თავს ვხრი და ბოდიშს ვიხდი" - განაცხადა ტელეარხის გენდირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 

თუმცა სამხრეთ კორეული ტელეარხის პრობლემად მხოლოდ პიცა და დრაკულა არ ქცეულა. 

მაგალითად, როდესაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე სტადიონზე ჰაიტის დელეგაცია გამოჩნდა, ტელეარხის ეკრანზე გაჩნდა წარწერა - "ქვეყანა არასტაბილური სიტუაციით, რაც პრეზიდენტის მკვლელობას მოჰყვა".

სირიის ოლიმპიელების გამოსვლისას კი გაჩნდა წარწერა - "სამოქალაქო ომი, რომელიც უკვე 10 წელია გრძელდება".

აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეარხი ერთხელ უკვე იყო მსგავსი ეპითეტების გამო დაჯარიმებული 2008 წელს, როდესაც ოლიმპიადა პეკინში იმართებოდა.

დღის ამბები