24 სექტემბერი 2021,   19:13
ვრცლად
ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ იქნება - ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მელიას კანდიდატურა არჩევნებში წაგების ტოლფასია

ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და "ძალა ერთობაშია"-ში შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს. პარლამენტში მყოფი ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება, უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მელიას კანდიდატურა არჩევნებში წაგების ტოლფასია.

ოპოზიციის ამ მხარეს სხვადასხვა სტრატეგია აქვთ - პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს პირადად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, ნაწილი კი მხოლოდ დამკვირვებლის როლში ყოფნას აპირებს.

თბილისის მერის პოსტისთვის მელია ბედს კიდევ ერთხელ ცდის. როგორც ჩანს, თანაპარტიელების და ბლოკის წევრების მხარდაჭერასთან ერთად გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აღმოჩნდა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნება" ნიკა მელიას კახა კალაძის კონკურენტად არ განიხილავს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მერობის კანდიდატად დასახელება მმართველი პარტიისთვის მელიას იძულებას ჰგავს.

"ქართულ ოცნებაში "მელიას იმ განცხადებებს იხსენებენ, სადაც მან არაერთხელ თქვა, რომ კანდიდატობა არ სურდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებდა, თუ გამარჯვების შანსს რეალურად დაინახავდა. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მელიას გადაწყვეტილების მიღმა მიხეილ სააკაშვილის გეგმებია.

არჩევნებამდე 2 თვეზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია კი აქტიურ ფაზაში შედის. მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, უკვე ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის გეგმები და კანდიდატები ცნობილი გახდება.

დღის ამბები