29 ივლისი 2021,   17:25
ვრცლად
არ აქვთ შემუშავებული დეოკუპაციის სტრატეგია და კრიზისების ჩაქრობას აპირებენ საპატრიარქოს მეშვეობით - თეონა აქუბარდია გახელაძის საქმეზე

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სისუსტე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 

მისი თქმით, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის "ქართულ ოცნებას" ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. 

"როდესაც ვსაუბრობთ ზაზა გახელაძეზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსული ოკუპაციის სახეს. რუსეთი ცდილობს ადამიანების გატაცებით, ბორდერიზაციით მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე.

აბსოლუტურად მესმის ზაზას ოჯახის დამოკიდებულება, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოხდებოდა ზაზას გათავისუფლება. მე-11 თვეა ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. კიდევ ერთხელ მივესალმები ოჯახის გადაწყვეტილებას, როდესაც მათ პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინეს და არ გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რასაც მამა აპირებდა და ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ზაზას გათავისუფლებისთვის, ასევე იმისთვის, რომ კიდევ დამატებითი უკანონო პატიმარი ქვეყანამ არ მიიღოს.

დღეს გაიმართა უსაფრთხოების საბჭო პრემიერის თავმჯდომარეობით და როდესაც ვსაუბრობთ, რა შეეძლო გაეკეთებინა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ძალიან ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა იყო და დღეს განიხილეს საბჭოს სხდომაზე რა გაკეთდა და რისი გაკეთება იყო შესაძლებელი. სანამ ასეთ უკიდურეს ზომამდე არ მივიდა ოჯახი, რატომ ადრე არ შეიძლებოდა გამოყენება ან საპატრიარქოსი, ან სხვა არაფორმალური ფორმატების?!

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს შემუშავებული არც პოლიტიკა, არც კონკრეტული დეოკუპაციის სტრატეგია და კრიზისების ჩაქრობას აპირებენ საპატრიარქოს მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე,"- აცხადებს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები