29 ივლისი 2021,   16:20
ვრცლად
მზად ვართ ყოველი მეორე ქალი იყოს პარტიულ სიაში, როდესაც საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე - თეონა აქუბარდია

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ქალთა კვოტირების წესი იცვლება. 

თეონა აქუბარდიას თქმით, მისი პარტია მზადაა ყოველი მეორე ქალი იყოს პარტიულ სიაში.

"ჩვენ ვართ მზად, რომ ყოველი მეორე ქალი იყოს პარტიულ სიაში, როდესაც საუბარი არის თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს უარყოფითი სიახლე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ასე ჩუმად შემოაპარა, არ ყოფილა ცნობილი არავისთვის, შესაბამისად, არცერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ამას მხარს არ უჭერს, მათ შორის კაცები, რომლებიც იყვნენ კომიტეტზე წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ ვაპირებთ, რომ ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, არამხოლოდ გავაპროტესტოთ, არამედ უშუალოდ საკომიტეტო მოსმენაზეც დავაყენოთ ეს საკითხი.

დილის 4 საათზე, როდესაც გადაღლილი იყო ყველა, შემოიტანეს ეს საკითხი, ეს იყო კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელი, რომ "ქართული ოცნება", რომელმაც თავად მიიღო ეს კანონი წინა მოწვევის პარლამენტში და ამაყობდა იმით, რომ ქალებისთვის კვოტები იქნა დაწესებული, აპირებს შეცვალოს ეს ცვლილება.

დღეს აბსოლუტურად გაუგონარი მოტივებით, ისინი აუარესებენ იმ ვითარებას, რომელიც აქამდე კანონში არსებული ნორმით არსებობდა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არანაირი პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქალების თანაბარი მონაწილეობა იყოს პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ქალებს აქვთ არამხოლოდ უამრავი პრობლემა, არამედ არსებობს რესურსი, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სწორედ თვითმმართველობის მეშვეობით ჩაერიონ, ამ ყველაფრის გაუარესებისკენ დგამენ ნაბიჯს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები