24 ივლისი 2021,   00:15
ვრცლად
აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით - ქვემო ჭალაში მოქალაქეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიციაც

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაშია, სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია იგეგმება, რომელზეც მოქალაქეები თბილისიდანაც ჩადიან. 

ოჯახმა ამ ეტაპზე ცხინვალში გადასვლა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა და მძევლის გათავისუფლებაში შუამდგომლობა სთხოვა.

"დიდ პატივს ვცემ უწმინდესს და არ გადავდივარ მაგის გამო, მაგრამ როგორც დაანონესებულია, აქცია ჩვეულებრივ ჩატარდება. ერგნეთის შეხვედრამდე თუ რამე შედეგი არ მოგვცეს, აუცილებლად გადავალ," - აცხადებს ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე.  პატრიარქის შუამავლობის შედეგის იმედი აქვს ზაზა გახელაძის მეუღლესაც.

დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა კობა ფარესაშვილმაც, რომელიც ზაზა გახელაძის დაკავებისას მასთან ერთად იყო. მან ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის გატაცების დღე გაიხსენა.

"წავედით სოკოზე,  ვიპოვეთ რამდენიმე ცალი, შევწვით და წავედით მერე ზევით მოსაკრეფად. შენ დაბლა მხარეს წადი, მე მაღლა ავალო... 5 წუთში ზაზა რომ ავიდა ატყდა სროლა, გამოვიქეცი, წამოვედი," - ამბობს კობა ფარესაშვილი.

გახელაძეების ოჯახს დღეს  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც სტუმრობდა, რომელიც  რამდენიმე ხნის განმავლობაში ასევე ოკუპანტების ტყვეობაში იყო. მისი თქმით, რაც უფრო აქტიურად იქნება საზოგადოება ჩართული მსგავს შემთხვევებში, უფრო მალე გადაწყდება ეს პრობლემები.

იმის გამო, რომ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები სხვა რეგიონებიდანაც მიდიან, შესაბამისად გაზრდილია ადგილზე პოლიციის მობილიზებაც. ადგილზე მყოფი პოლიციის მაღალჩინოსნების თქმით, ისინი პროცესის განვითარების ყველა სცენარისთვის მზად არიან.

 

 

 

დღის ამბები