23 ივლისი 2021,   23:31
ვრცლად
"დღეს იხილავენ კანონს, რომელსაც "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის მცდელობა ჰქვია" - ხმაური პარლამენტში

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების შესვლის მცდელობას ხმაური მოჰყვა. 

პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დღეს უნდა განიხილონ კანონი, რომელიც პირდაპირ "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ არის მიმართული. 

"იხილება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ამნისტიის პროექტი და "ლეიბორისტული პარტიისთვის" დაწერილი კანონი, რომელსაც, ფაქტობრივად, "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის მცდელობა ჰქვია.

გვართმევენ სარეკლამო დროს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლის უფლებას 2022 წლიდან, დაფინანსებას და ასეთ სხდომაზეც კი არ სურთ, რომ ლეიბორისტული პარტიის კრიტიკული პოზიცია მოისმინონ,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების მსურველებს სხდომის დარბაზში მეორე სართულის დაკავება შესთავაზა, თუმცა, მათ თავდაპირველად უარი თქვეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სხდომა დაიწყო, დასწრების მსურველებმა შეთავაზებული ადგილები დაიკავეს. 

დღის ამბები