23 ივლისი 2021,   22:53
ვრცლად
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე - რა განსხვავებაა პოლიტიკური პარტიების შეფასებებს შორის

შესრულდება თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. უმრავლესობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც დასკვნა მისაღებია, თუმცა ყველა მხარე რეკომენდაციებს განსხვავებულად კითხულობს.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ დაწერეს, რომ მნიშვნელოვანია იყოს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და უფრო გამჭვირვალე გახდეს უპარტიო წევრების დანიშვნის წესი.

პარლამენტში ბოლოს შესული, მაგრამ ყველაზე დიდი დეპუტაციის მქონე პარტია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს არსებული ფორმით არ იზიარებს. ვენეციის კომისიის ტექნიკური რეკომენდაციებიდან, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე საყურადღებო საარჩევნო ადმინისტრაციებში უპარტიო წევრების კვოტის გაზრდის მიმართ არსებული შეკითხვებია.

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, მათი შენიშვნების გაზიარებად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი. მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები ფიქრობენ, რომ დაჩქარებულ ვადებში განხილვის მიუხედავად, კანონპროექტი საყოველთაო კომპრომისის შედეგად უნდა იქნას მიღებული.

იმის მიუხედავად, დაკორექტირდება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, "გირჩი" მზადაა ოცნების კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. პოლიტიკურ პლატფორმაში განმარტავენ, რომ ვენეციის კომისიის წუხილი საარჩევნო რეფორმის დაჩქარებული წესით განხორციელებასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, "გირჩი" სხვა ოპტიმალურ გამოსავალს ვერ ხედავს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნას პოზიტიურს უწოდებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელმაც ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის კანონპროექტი 21 მაისს გადაუგზავნა, ამბობენ, რომ შენიშვნები ფუნდამენტურ საკითხებს არ ეხება. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კი "ოცნება" მზადაა კონსულტაციები დაიწყოს.

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები პარლამენტს 18 ივნისს გადმოუგზავნა. ორგანიზაცია კანონმდებლებს, საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიაში, საერთაშორისო ვალდებულებების სრულად გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რომელიც ფართო კონსენსუსით უნდა იქნას მიღწეული. პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობის საკომიტეტო განხილვას მომდევნო კვირიდან განაახლებს.

დღის ამბები