23 ივლისი 2021,   23:21
ვრცლად
"დადებითად ვაფასებთ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია" - ნატოს სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი

გეოპოლიტიკური კონკურენცია, რეგიონული არასტაბილურობა, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებები - ოთხი მთავარი გამოწვევა, რომლებზეც ნატომ ბრიუსელში იმსჯელა.

რა როლი ექნება ამ ყველაფერში ასპირანტ საქართველოს, რომლის პრემიერ-მინისტრმაც დღეს სამიტის პარალელურად მიმდინარე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართ. 

კომუნიკეში მთავარი გზავნილი ალიანსის მხრიდან არის ის, რომ ნატო კვლავაც ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების. გარდა ამისა, ალიანსის შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

"ჩვენ ვადასტურებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-თან, როგორც პროცესის განუყოფელ ნაწილთან ერთად. ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რომ თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურებით შეფასდება.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარე ჩარევების გარეშე. როგორც გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ფართო სპექტრის საკითხებში.

ჩვენ მივესალმებით ცოტა ხნის წინანდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ იმპლემენტაციას ყველა მხარის მიერ. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მზადების პროცესში.

პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენების ერთგული ვრჩებით.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია და რისი კეთებაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს დაეხმარა თავდაცვის უნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში.
საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ რუსეთის მზარდ დესტაბილიზაციურ ქმედებებზე საპასუხოდ, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და მივესალმებით, ნაბიჯებს, რომელიც გადადგმულია ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის.
ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა." - წერია კომუნიკეში. 

ნატოს სამიტი დასრულებულია. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს მომავალ წელს შეხვდებიან.

დღის ამბები