23 ივლისი 2021,   22:29
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონის კარი მედიისთვის დღეს პირველად გაიღო - გეგმავს თუ არა ახალი მმართველი ბავშვთა სახლში მომუშავე კადრების შეცვლას

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კარი გაიღო. გადაწყვეტილება დაწესებულების ახალმა მმართველმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მიიღო. მეუფე სპირიდონმა კი დაწესებულება ისე დატოვა, არც აღმზრდელებს და არც აღსაზრდელებს არ დაემშვიდობა.

მეუფე იაკობმა და "კურიერის" კამერამ პანსიონის შიდა ტერიტორია პირველებმა ერთად ნახეს. მას ორი ნაგებობა და ორიც მშენებარე შენობა თითქმის დაცარიელებული დახვდა. შენობაში 22 აღსაზრდელია. მათთან პირველი შეხვედრა კამერების გარეშე შედგა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა  "კურიერის" კითხვებს ირიბად უპასუხა და თქვა, რომ რამდენიმე აღმზრდელი ნინოწმინდას დატოვებს.

მეუფე სპირიდონმა გათავისუფლების თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავად მიმართა. პატრიარქის ბრძანებიდან ვიგებთ, რომ სხალთელი მთავარეპისკოპოსის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო და მოთხოვნა დაუკმაყოფილა. დოკუმენტი საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ დარეგისტრირდა  და ახალ დირექტორად ეპისკოპოსი იაკობი გაფორმდა.

ბავშვებსა და აღმზრდელებთან დღეს პირველ შეხვედრას ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, კომისიის წევრი ვეფხვია ოდიშარია, რომელიც ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვინც მეუფე სპირიდონის შემცვლელად განიხილებოდა. პანსიონის მმართველად სახელდებოდა ამავე ეპარქიის მმართველი მეუფე ნიკოლოზიც, თუმცა ილია მეორემ არჩევანი მეუფე იაკობზე შეაჩერა.

ამ დრომდე ღიად რჩება სახალხო დამცველის პანსიონში შესვლის საკითხი. პირველ ეტაპზე ბოდბელი ეპისკოპოსი ადგილზე გარკვევას ცდილობს და  ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის დაწყებასა და ბავშვებთან შეხვედრაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

დაწესებულება ნინოწმინდაში 2012 წლიდან ოფიციალურად არის რეგისტრირებული, ის მეუფე სპირიდონმა დააფუძნა და დღემდე პანსიონს პირადად ხელმძღვანელობდა.  

 

დღის ამბები