23 ივლისი 2021,   23:37
ვრცლად
"23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და ან იქითა მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით" - ზაზა გახელაძის დედა

ზაზა გახელაძის ოჯახი სოფელ ციცაგიანთკარში ჩავიდა. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი პირის ახლობლებს დიპლომატებთან შეხვედრა სურდათ, მათ კელი დეგნანი გაესაუბრა, რის შემდეგაც ელჩმა მედიასთან თქვა, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა არის მაგალითი, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.

პარალელურად ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართეს  თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ზაზა გახელაძე უკანონო ტყვეობიდან დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.  

"დაგვპირდნენ, ყველანაირად ვცდილობთ დღემდე და ამის მერე კიდევ უფრო გავააქტიურებთო. ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებიან და უფრო მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხსო. 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და არ ვიცი, ან იქითა მხარეს გადავალ და ჩვენც ჩავბარდებით ან ესე აღარ გავჩერდებით. 23-ის მერე ესე აღარ გავჩერდებით,“ - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველო იყენებს ყველანაირ რესურსს, რათა ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

"ეუთოს თანათავმჯდომარემ თავის მხრივ აღუთქვა ოჯახს, რომ ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დააყენებს კიდევ ერთხელ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები,“ - აცხადებს თეა ახვლედიანი.

33 წლის ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ის ჯერ ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი თავისუფლება აღუკვეთეს.

ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

 

 

დღის ამბები