20 ივნისი 2021,   04:51
ვრცლად
საარტილერიო ცეცხლი, ასობით რაკეტა ისრაელის თავზე და დაღუპული ბავშვები - ბოლო ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან

სარაკეტო იერიშები, საარტილერიო ცეცხლი, ასეულობით დაღუპული და დაშავებული, მათ შორის 40 ბავშვი, რომელიც კონფლიქტს შეეწირა. ბოლო 24 საათში ღაზას სექტორში 8 მოზარდი დაიღუპა. ყველაზე მძიმე და ძალადობრივი დაპირისპირება ბოლო 7 წლის განმავლობაში - ასე აფასებს საერთაშორისო პრესა ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად რთულ ვითარებას. 

ახლა მთავარი მოლოდინი უკავშირდება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომლებიც დაწყებულია.  

დღის განმავლობაში "ჰამასმა" თელ ავივის, აშდოთის, აშკელონი და ისრაელის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. რის შემდეგადაც დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

საპასუხოდ ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა ისრაელმა, სადაც "ასოშიეთიდ პრესისა“ და "ალ-ჯაზირას" ოფისები დაბომბა. მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული, ჩამოინგრა. დაიბომბა ლტოლვილთა ბანაკიც რასაც 8 ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ბოლო დღეების განმავლობაშ დაბომბილ ყველა შენობას "ჰამასი" ცოცხალ ფარად იყენებდა, ანუ ტერორისტული საქმიანობას იქ ეწეოდნენ, სადაც სამოქალაქო პირები ცხოვრობენ ან მუშაობენ. შესაბამისად, მათი განადგურება მხარეს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ არ მიაჩნია. მით უმეტეს, რომ დაჯგუფება ისრაელზე დარტყმებს განაგრძობს.

აშკელონი, ბათიამიაშდოთში და სამხრეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა ამას ყოველდღიურად ხედავს. მათ შორისაა რეზო ხაჟომია, რომელსაც "კურიერთან" ინტერვიუ განგაშის სიგნალის ფონზე მოუხდა.

ისრაელის სამხედრო ძალები მოწინააღმდეგის განადგურების გეგმას მიჰყვებიან, ჰამასი კი პარალელურად სახმელეთო ბრძოლისთვისაც მზადყოფნას აცხადებს.

ღაზის სექტორში მსხვერპლი 140-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 39 ბავშვი. 6 თვის ომარ ჰადიდი ოჯახის ათი წევრიდან ერთადერთია, ვინც ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის სარაკეტო იერიშს გადაურჩა. დღეს იქ 14 ადამიანი დაიღუპა. ვითარების განსამუხტად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჰადი ამრი, რომელიც გაეროსთან ერთად მხარეებს დაელაპარაკება. ამერიკას იმედი აქვს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომამდე, შედეგი დადგება.

გრძელდება დაპირისპირება ებრაელებსა და არაბებს შორის ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ეთნიკურ ქალაქებშიც, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა. 

დღის ამბები