20 ივნისი 2021,   03:53
ვრცლად
შევთანხმდით, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმაზე უკვე მეხუთე საათია მსჯელობს. სამუშაო ჯგუფი გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბა - დღეს პირველად "ქართულ ოცნებას", "მოქალაქეებს" და "ევროპელ სოციალისტებს" ის კანონმდებლებიც შეუერთდნენ, ვინც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეკრებილები, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათის მეშვეობით იყოს შესაძლებელი. 

"შევთანხმდით, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID ბარათები იქნება, რაც არის ძალიან მაგარი მიღწევა, უკვე რაც გვაქვს. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ თავიდან ბოლომდე და სამუშაო ჯგუფი ამაზე გადავა,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ იდეას მხარს მმართველი გუნდიც უჭერს. 

"ჩვენ გავაჟღერეთ ეს საკითხი და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიახ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელი, რითიც ხდება არჩევნების გაყალბება,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, განიხილეს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაც, როგორიცაა ელექტრომთვლელები, ბიულეტენები სპეციალური შტრიხკოდებით, თითის ანაბეჭდები და ა.შ. 

დღის ამბები