22 ივნისი 2021,   23:30
ვრცლად
იქ არის 10 დოზა, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტიაა, რომ პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება ნემსს, აბსურდია მაგრამ მაინც სჯერათ - დეკანოზი ვაქცინასა და ე.წ. ჩიპიზაციის კავშირზე

სასულიერო პირი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, "ღამის კურიერის" ეთერში ვაქცინაციასა და ე.წ. ჩიპიზაციის კავშირის თეორიაზე საუბრობს. დეკანოზი ვერსიის აბსურდულობას უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებს ამის მაინც სჯერათ.

დეკანოზის განცხადებით, მაშინ, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მიმდინარეობდა მუშაობა, როდესაც ვაქცინის საწინააღმდეგო სერიოზული კამპანია დაიწყო, ამ ანტივაქსერულმა ინფორმაციამ ადამიანებზე ცუდად იმოქმედა.

"ეკლესია კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის. მიზეზი, ისევ ვამბობ, ამ ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმ წამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე.

ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ ცურავს 10 ჩიპი, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება იმ ნემსს და მერე შევა იმ ადამიანში. ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის.

ეგ არის აბსურდი, აბსურდია, მაგრამ სამწუხაროდ ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი მათ," - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.  

როგორც დეკანოზმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ტაძარში, სადაც თავად მსახურობს, ვაქცინაციისთვის კიდევ 3 სამღვდელო პირია დარეგისტრირებული და თავის რიგს ელოდება. 

დღის ამბები