16 მაისი 2021,   12:09
ვრცლად
ამ ამნისტიამ უნდა დაასრულოს ყველა ის საგამოძიებო პროცესი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან - გივი მიქანაძე

ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი გასაჯაროვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტში ნათქვამია:

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე;

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა;

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც;

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება;

5. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კანონპროექტი ზედმიწევნით მიჰყვება ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტს.

"შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ დავაინიცირებდით და მივიღებდით ამნისტიის შესახებ კანონს, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდა ყველა ის საგამოძიებო პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან.

ეს ეხებოდა როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ, ასევე იმ პოლიციელებს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება ძალის გადამეტების გარკვეული ბრალდებით. შესაბამისად, ეს საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტში ძალიან ცალსახადაა გაწერილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, უნდა დაიხუროს,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე ეს ამნისტია არ გავრცელდება. 

დღის ამბები