16 მაისი 2021,   13:57
ვრცლად
ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს: ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ჩოგბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. 

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. 

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ - წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი. 

ცნობისთვის: ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები