16 მაისი 2021,   13:50
ვრცლად
ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შეჩერება ამ დროისთვის მოხერხდა - რა სამუშაოების განხორციელებას დაგეგმავენ სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერსაშიში ზონა დაკვირვების ქვეშ არის. პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა სპეციალისტები იმას სწავლობენ, გამოიღო თუ არა შედეგი რამდენიმეთვიანმა სამუშაოებმა.

საშიში ზონიდან მოიჭრა მასა, გაიბურღა ჭაბურღილები და მოხდა ცემენტით ამოვსება. ეს ის სამუშაოებია, რომლებიც მეწყრული მოვლენების შესაკავებლად აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბუნებრივი მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხე ახლა აღარ არსებობს.

ხანგრძლივი სამუშაოების დაწყებამდე სასიგნალო სისტემებით, რომლებიც ტერიტორიაზე არაერთია დამონტაჟებული, ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით, მეწყრული ძვრები არ დაფიქსირებულა, მდებარეობა არც კლდოვან ნაწილს უცვლია. ანალოგიური დასკვნა დადეს გერმანელმა სპეციალისტებმაც, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად თვეებია ვაშლიჯვრის მთას სწავლობდნენ.

ადგილობრივების თქმით, უკვე ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები მეწყრის მასის შეკავებისთვის ეფექტური აღმოჩნდა.

როდის დაიწყება ვაშლიჯვრის ფერდობზე სამუშაოების მეორე ეტაპი, სპეციალისტები ზუსტად დროს ვერ ამბობენ. ეს მეტეოროლოგიურ პირობებსა და დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.

 

დღის ამბები