08 მაისი 2021,   23:02
ვრცლად
თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა

თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით გადმოიბარა.

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. პროექტის გახსნის ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარა.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება საქართველოს დედაქალაქისკენ იქნება მიმართული.

"დღეს თბილისისთვის ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი თანამედროვე მსოფლიოს დედაქალაქის წოდებას მიიღებს და ერთი წლის განმავლობაში კითხვის, წერის, შემეცნების, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება. მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი
მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენი ლიტერატურული საგანძურის, თანამედროვე მწერლობის, საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების, მსოფლიოსთვის გაცნობის უნიკალური
საშუალებაა.

"წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" იუნესკოს პროექტია, რომელმაც, ჯერ კიდევ 2019 წელს, ჩვენი მხრიდან წარდგენილი პროგრამა რამდენიმე კომპონენტის გამო გამოარჩია. მთელ წელიწადზე გაწერილი პროგრამა საქმიანი, შემეცნებითი და, რაც მთავარია, მომავალზეა ორიენტირებულია. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს მეტი იცოდეს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაიცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები და, ამავდროულად, საკუთარი თავიც წარმოაჩინოს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მომდევნო წლის განმავლობაში, თბილისის ახალი სტატუსის გათვალისწინებით, მრავალი ღონისძიება იქნება დაგეგმილი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

დღის ამბები