09 მაისი 2021,   12:24
ვრცლად
უნდა შეწყდეს თუ არა გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ოპოზიციაში შეთანხმების დარღვევაზე საუბრობენ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციის ნაწილი პროცესის შეჩერებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს შეთანხმების დარღვევაა.

"გასაუბრების ინტენსივობა და თარიღები მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარკვეულწილად იქცევა ან პოლიტიკურ ინტერესებთან შეთანხმებით, ან საკუთარი ინიციატივით მოქმედებს. მივესალმები, რომ შეთანხმების დოკუმენტში ეს საკითხი მოხვდა, თუმცა, მე არ ვიცი რა მექანიზმით უნდა გაჩერდეს - ანუ, პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონი თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წაიკითხოს შეთანხმება და გააჩეროს პროცესი,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ გასაუბრებების შეჩერებას არ აპირებენ, ვინაიდან ისინი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ისევ ძალაშია და რომელიც ავალდებულებს საბჭოს, იზრუნოს უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებისთვის. ანუ, დღეის მდგომარეობით, საბჭოსთვის მავალდებელი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ და, შესაბამისად, გასაუბრებები აღარ უნდა ჩავატაროთ. რაც შეეხება შეთანხმების დოკუმენტს - ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი, შეგახსენებთ, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისაგან და მოქმედებს მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. 

"ლელოში" აცხადებენ, რომ შეთანხმების დოკუმენტის შესრულებისთვის ბრიუსელში მონიტორინგის ჯგუფია შექმნილი, რომელსაც აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას შეთანხმების დარღვევის თაობაზე. 

"ბრიუსელში "ლელოს" ვიზიტის დროს განხილულ და შეთანხმებულ იქნა კონკრეტული მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც გააკონტროლებენ და მონიტორინგს გაუწევენ ამ შეთანხმების ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებას. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ იუსტიციის საბჭოში, როგორც ჩანს, ჯერ ვერ მიიღეს ინფორმაცია შეთანხმების შესახებ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ერთის მხრივ, საბჭომაც გაიგოს, თუ გამოჩნდა ეს ნიუსი და, მეორეს მხრივ იმ ადამიანებმა, რომელთა ჩართულობითაც მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა, და ამ მონიტორინგის ჯგუფმა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იდგმება ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება შეთანხმებას,"-აცხადებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გასაუბრების პროცესი კანონის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს და ეს პროცესი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს, ეუთო-ოდირის რეკომენდაციითაა გაწერილი. 

"საზოგადოებამ იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პირველივე რედაქციაში იყო ჩანაწერი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების თაობაზე, ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ოპოზიციამ და ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ", ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ მიუხედავად ამისა, შესაბამისი ინიციატივით წარვდგებოდით და ეს ცვლილებები უკვე დამტკიცებულია,"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

დღის ამბები