16 მაისი 2021,   12:36
ვრცლად
ძალიან კარგია რომ საბოლოო ჯამში, პროცესი სრულდება შეთანხმებით და ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

დოკუმენტზე ხელმოწერა ბრიუსელში შეაფასა "ქართული ოცნების" თავჯდომარემ. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია ერთ-ერთი თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე.

არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაზე ინფორმაციას მინისტრებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მიაწვდის, რომელიც აცხადებს, რომ დოკუმენტი მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის გაგრძელებას პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად.

"ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პროცესი სრულდება შეთანხმებით და ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს, სულ მცირე, პარლამენტში. იმ ნაწილს, რომელიც იქნება გამიჯნული რადიკალური ნაწილისგან და ეს მათ უნდა მივულოცოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, ახერხებენ და დაეხსნებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და შესაბამისად, მათ შეუძლიათ უკვე რომ კონსტრუქციულ პროცესებში ჩაერთონ, ნორმალურ, საპარლამენტო, პოლიტიკურ პროცესში. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს. ჩვენ უნდა გადავერთოთ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგზე.

ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპელ პარტნიორებთან და ისინი აღფრთოვანებულები არიან იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამს "ქართული ოცნება". 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ პირობას, ამ პირობაზე საუბარი იყო დოკუმენტშიც. უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და ამის შემდეგ მოხდება პატიმრების გათავისუფლება, ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები