09 მაისი 2021,   14:46
ვრცლად
დაარღვიე დუმილი! - პოლიტიკოსი ქალები საზოგადოებას მოძალადეების მხილებისკენ მოუწოდებენ

დაარღვიე დუმილი - ამ სლოგანით დანარჩენების გადასარჩენად ქალები გაერთიანდნენ. ქალების, რომლებიც ამ დრომდე მოძალადეებთან ცხოვრობენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ქალები, რომლებიც ჰყვებიან გულგრილ საზოგადოებასა და ქვეყანაზე, სადაც ოჯახური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელი ფორმად რჩება.

საუბრობენ ძალადობაზე, რომელიც თავადაც განუცდიათ. ქალები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, ძალადობის წინააღმდეგ აქტიური კამპანიის დაწყების აუცილებლობაზეც საუბრობენ და მზად არიან თავადაც ჩაერთონ. მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ქმედებას გამბედაობად აფასებენ და სურთ, რომ ეს ბევრი ქალისთვის სტიმული გახდეს.

2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 30 ქალი დეპუტატი მოხვდა, ისიც იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ კანონი შეიცვალა და გენდერული კვოტები დაწესდა. ნინო წილოსანი, რომელიც პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და გენდერული საბჭოს წევრია, ამბობს, რომ ბოლო წლებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევებიც დარჩა, მათ შორის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მსახიობების ოჯახში წლების შემდეგ გამჟღავნებულ ძალადობასთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია განსხვავებულია, თუმცა ელისო ბოლქვაძე იმასაც ამბობს, რომ ძალადობას მხარს არ უჭერს, და მიიჩნევს, რომ საქმე გამოსაძიებელია.

ძალადობას ცალსახად ემიჯნება კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანმა, გუშინ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა, ქალებს კი შეახსენა, რომ ძალადობაზე საუბარი გვიანი არასდროს არის.

საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით, ამ დრომდე მთავარ გამოწვევად კვლავ ქალთა მიმართ ძალადობა და სექსუალური დისკრიმინაცია რჩება. ქალების უთქმელი ისტორიები კი ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემად.

დღის ამბები