09 მაისი 2021,   12:18
ვრცლად
ბესო ზანგურს ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს 

რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, იმავე ბრალდებას ყოფილი თანაკურსელი, ელენე მაცხონაშვილი უყენებს. 

ელენე მაცხონაშვილი იხსენებს, როგორ იძალადა მან წლების წინ ქალზე უნივერსიტეტის აუდიტორიაში და როგორ გაუსწორდა მეგობარ გოგონას. დაპირისპირება მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ჩხუბში თანაკურსელები ჩაერთნენ.

ელენე მაცხონაშვილი მიიჩნევს, რომ რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს.

"ეს ხდებოდა თეატრალურ ინსტიტუტში, მართალია, ბევრი ხნის წინ, მაგრამ ხდებოდა ჩემს თვალწინ, როცა ის ძალადობდა მეგობარ გოგონაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

მე ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად და მოვლენების სიმძაფრიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ჩავრეულიყავით და დავხმარებოდით იმ გოგონას. ისინი აუდიტორიაში იყვნენ ჩაკეტილები და ბესო ზანგური სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ამ გოგონაზე. რა თქმა უნდა, მე ვერ დავასახელებ მსხვერპლს. ეს მოხდა, დაახლოებით, 1998-1999 წელს

მესმის, რომ ამ ფაქტებს ხანდაზმულობის ვადა აქვს, მაგრამ მორალური ვადა ალბათ არ არსებობს და ეს არ გადის, ეს არ ძველდება. თუ თეატრს არ ექნება მკვეთრი პოზიცია მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ის დარჩება მაყურებლის გარეშე,"-აცხადებს ელენე მაცხონაშვილი.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "ფარული კონვერტი" ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. 

მას შემდეგ, რაც ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თეატრის ადმინისტრაციამ სპექტაკლ "იულიუს კეისრის" შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სპექტაკლში ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებდა.

თეატრის ადმინისტრაციაში დღეს იმასაც აცხადებდნენ, რომ თუ ზანგურის ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავდა და საქმეს მსვლელობა მიეცემოდა, გამოძიების დასრულებამდე ბესო ზანგურს ხელშეკრულებას შეუჩერებდნენ. 

დღის ამბები