20 აპრილი 2021,   04:49
ვრცლად
ეს საქართველოს არა მარტო 75 მილიონი ევრო დაუჯდება, არამედ თავისი საერთაშორისო რეპუტაცია - გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტის განცხადებაზე

ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პარტნიორები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად კი, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესს, აკრიტიკებენ, ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს დაუჯდება არა მარტო 75 მილიონი ევრო, არამედ თავისი საერთაშორისო რეპუტაცია.

ევროპის აღმასრულებული შტო ხელისუფლებას ეუბნება, რომ ის რეფორმები რომელიც ტარდება სწორად უნდა გატარდეს. საქართველოს ხელისუფლებამ არც ახლა და არც წინა ჯერზე დროულად არ მიმართა ვენეციის კომისიას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოვა. ეს ყველაფერი საქართველოს დაუჯდება არა მარტო 75 მილიონი ევრო, არამედ თავისი საერთაშორისო რეპუტაცია,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შესაძლოა კომუნიკაციის პრობლემაა ან ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რაღაც არასწორად გაიგეს. 

"შეიძლება კომუნიკაციის პრობლემაა, ან რაღაც არასწორად გაიგეს. ჩვენ ეს კანონი ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ უნდა გადავუგზავნოთ იმიტომ, რომ იქ ზედმიწევნით არის შესრულებული ის პუნქტები, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან იყო მითითებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს კანონი და მათი რეკომენდაციები შეადაროს,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ სამხარაძე. 

გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე მიიღო ეს ცვლილებები - ასე ეხმაურება ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესზე. ევროკავშირი იმედგაცრუებულია და თუ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემას გადახედოს.

დღის ამბები