19 აპრილი 2021,   07:37
ვრცლად
"მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში ყველა დამნაშავე ვიქნებით" - ოპოზიცია ბრიუსელის განცხადებებს აფასებს

უკვე მერამდენედ, თბილისში იძულებული არიან, ბრიუსელის შეფასებებზე განმარტებები გააკეთონ,
თუმცა ევროპის გამკაცრებულ ტონს და კონსენსუსის დროულად მიღწევის მოთხოვნას - ქართველი პოლიტიკოსები ახალს ვერაფერს ახვედრებენ. წითელი ხაზების ჩაჭრა არავის უნდა.
ოპოზიცია კვლავ პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებში ხედავს გამოსავალს, ხელისუფლებას კი უჭირს ოპონენტების პარლამენტში შეყვანა.

ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ამბიციური გეგმა აქვს დაანონსებული და 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ბრიუსელის ტონის გამკაცრება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში პოლიტიკის გადასინჯვას ნიშნავს. 

"ყველას ესმის, რომ "ოცნების" ხელში საქართველო კარგ გზას, მათ შორის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ არ ადგას" -  ამბობს კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი კი კვლავ აცხადებს, რომ პარტია მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა დასავლეთის გზავნილებში მუდმივად ისმის, რომ ლომის წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ხელისუფლებას აკისრია. 

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრისთვის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, "ქართულ ოცნებას", თუ - "ნაციონალურ მოძრაობას" :

"საბოლოო ჯამში, ყველა დამნაშავე ვიქნებით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, თუ ამას დავუშვებთ. ისიც გასაგებია, რომელიც მხარე რომელ კომპრომისზე უნდა წავიდეს," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები