19 აპრილი 2021,   06:14
ვრცლად
"თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში" - მარინა კალიურანდი

ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, 7 ევროპარლამენტარის გაფრთხილება სერიოზულად მიიღოს. დღეს ბრიუსელში საქართველოს მიმართ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა: 

"განცხადებაში ჩვენ გავაკრიტიკეთ საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც ჩართულები იყვნენ მედიაციის პროცესში. კომპრომისებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს ევროკავშირი, ელჩი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს, ევროკავშირი ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, ეს ქართველების გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოლოდინი ჩნდება მმართველი პარტიის მიმართ. მათგან ყოველთვის ელოდები ცოტა უფრო მეტს, ვიდრე სხვებისგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულებები ორივე მხარეს ეკისრება. დიახ, პირველ ნაბიჯს მთავრობისგან ველოდებით, თუმცა სხვებმა პატივი უნდა სცენ ამას და მიჰყვნენ პროცესს.

რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ოდირის დასკვნას. ოდირი თავის ანგარიშში მკაფიო იყო. ორგანიზაციამ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პრობლემებს, თუმცა მთლიანობაში არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო. ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა არ ისარგებლა ამ მანდატით. თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები შენს ქვეყანაში, შენ უნდა იყო პარლამენტში. საკანონდებლო ორგანოს სჭირდება ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიული რეფორმებისკენ,"- აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან მარინა კალიურანდიმ.

ევროპარლამენტარმა დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ "ევროპა დაიღალა" და ასე დაუსრულებლად ვერ შესთავაზებს საქართველოს მაღალი დონის ვიზიტებს. 

"ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემა, ეს უფრო ფართო საკითხია და საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას ეხება, ტრანსატლანტიკური მისწრაფების მომავალს, ეს ეხება ქართველი ხალხის მომავალს. სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა.

ევროპარლამენტში და ევროპაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მათ შორის მიგრაცია, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ევროპა დაიღალა. ევროკავშირი ასე დაუსრულებლად ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებს, მის მედიაციას, თქვენ არ უნდა გქონდეთ ამაზე მეტი ძალისხმევის მოლოდინი ვიდრე ახლა, ამ მომენტშია. ეს არის პრეზიდენტ შარლ მიშელი პერსონალური ძალისხმევა, უმაღლესი დონეა. ძალიან მნიშველოვანია, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რა დონეზეა ევროპა ჩართული ამ პროცესში. რა ძალისხმევას დებს ევროპა, და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება,"- აცხადებს მარინა კალიურანდი

დღის ამბები