19 აპრილი 2021,   20:01
ვრცლად
ჩანაწერთა ფაბრიკაცია, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის" იყო გადანახული - "ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მმართველი პარტია გამოქვეყნებულ სატელეფონი ჩანაწერებს უხეშ ფაბრიკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჩანაწერების მომზადება "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ჰგავს.

"გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, "კაგებეს" მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის" იყო გადანახული.

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები