15 აპრილი 2021,   04:08
ვრცლად
დაიწყოს გამოძიება და ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობები დატოვონ - ოპოზიცია ფარულ ჩანაწერზე

ოპოზიცია მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას აკეთებს. საუბარია სატელეფონო საუბარზე, რომელშიც მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, გამოძიება დაიწყოს და თანამდებობები დატოვონ ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ.

ოპოზიციის წევრების განმარტებით, აუცილებელია გამოძიებაში საერთაშორისო აქტორები ჩაერთონ.

"ნაწილობრივ ვიცოდით, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ვინ არის ეს ხალხი, მაგრამ როდესაც ისმენ ამას და ამ ფიგურანტებს უსმენ, როგორ საუბრობენ ერთმანეთში და როგორ წყვეტენ ჩვენი შვილების ბედს, ეს იყო უმძიმესი მოსასმენი და ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, დღეს უკვე განცხადებები უნდა იყოს დაწერილი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე სახელწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს რამდენად დამნაშავე არის ეს ხალხი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე შინაარსის სავარაუდო საუბრები. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით არამხოლოდ დაიწყოს, არამედ ბოლომდე მივიდეს გამოძიება. ამ გამოძიებას არანაირი ნდობა არ ექნება ცხადია შოთაძის პირობებში, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო, ავტორიტეტული აქტორების ჩართვა. ამ გამოძიების მიმდინარეობის დროს, იმიტომ, რომ პრემიერს და ჩუბინიძეს აქვთ დე ფაქტო და დე იურე შესაძლებლობები ჩაერიონ გამოძიებაში, აუცილებელია ისინი ამ თანამდებობებზე აღარ იყვნენ, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები