15 აპრილი 2021,   05:07
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ - რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ, ეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა.

დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, მათი რეკომენდაციები, სავარაუდოდ, დოკუმენტში აისახება. პროექტი 13 პუნქტისგან შედგება. მასში გაწერილია ყველა ის საკითხი, რომელზეც პარტია "მოქალაქეები" "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროცესი ღიაა და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილსაც ნებისმიერ ეტაპზე აქვს ჩართვის შანსი:

"ჩვენ, როგორც ყოველთვის, ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირებულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ოპოზიციიის მეორე ნაწილს სურს ჩართვა პროცესში, თუ მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები, რა თქმა უნდა, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში იქნება გახსნილი, იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს პარლამენტში ჩაერთოს სამუშაო პროცესში და განხილვებში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მათ ოპტიმალური შეთავაზება აქვთ, რაც ითვალისწინებს კომისიის დაკომპლექტებას იმგვარად, რომ ნაწილი იყოს პროფესიული ნიშნით, ნაწილი კი, პარტიების წარმომადგენლები პარიტეტის საფუძველზე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მხარს უჭერს იმას, რომ ცესკო პროფესიული ნიშნით იყოს დაკომპლექტებული, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კი იყვნენ იმ კომისიაში, რომელიც ცესკოს წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს:

"სამი მიმართულება იყო მნიშვნელოვანი - საარჩევნო სისტემა ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები, სამივე ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა. ვთავაზობდით ცესკო დაკომპლექტებულიყო პროფესიულად, თუმცა დაკომპლექტების პროცესში შექმნილიყო კომისია პრეზიდენტთან, რომელიც ქვეყნის პირველ პირს წარუდგენდა კონკრეტულ კანდიდატურებს და ამ კომისიაში შესულიყო თანაბრად ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ,

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, არასამთავრობო სექტორს დამატებითი რეკომენდაციები აქვს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და ასევე სოციალურ მედიაში საარჩევნო კამპანიის შესახებ. ნინო დოლიძის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რეფორმის პროცესში არ არის ჩართული ოპოზიციის სრული სპექტრი:

"ზოგადად, პროცესის ინკლუზიურობას ვემხრობით, რადგან კოდექსი, რაც არ უნდა კარგი იყოს, მას მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები