15 აპრილი 2021,   05:16
ვრცლად
ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ნათესავების თქმით, გემზე ქართველები შემთხვევით მოხვდნენ

ესპანეთში გემიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვისთვის დაკავებული ქართველი მეზღვაურები ბარსელონას ციხეში იმყოფებიან. 

მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. 3 ტონა კოკაინი ესპანელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემიდან ამოიღეს. ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია "კურიერმა" გუშინ მოიპოვა.

დაკავებულების ნათესავების განცხადებით, მათ ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველები გემზე მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იმყოფებოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ გემით 3 ათასი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ. 

"გემზე შემთხვევით მოხვდნენ. მე არ მქონია 45 დღის განმავლობაში ჩემს შვილთან კონტაქტი, არც ერთი ზარი არ შემოსულა მისგან,"- ამბობს ნუკრი გოგიტიძის მამა ნუგზარ გოგიტიძე.

ერთ-ერთი დაკავებულის, სულიკო ბერიძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააფრთხილა, რომ ბრალი მანამ არ აღიაროს, სანამ ბრალდებას არ გაეცნობა. 

"უკვე განვაცხადე წერილობით, რომ მისი ტრანსპორტირება მოხდეს. მე ის გავაფრთხილე, რომ ბრალი არ ეღიარებინა, სანამ მე თვითონ არ გავაცნობდი ბრალდებას,"- აცხადებს სულიკო ბერიძის ადვოკატი ბილმა ვიოლეტა ბენელკალდერონი.

 

დღის ამბები