15 აპრილი 2021,   06:42
ვრცლად
თავდასხმა ენმ-ის ოფისზე - ოპოზიციაში ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ, "ოცნება" ბრალდებას უარყოფს

კადრებში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გარეკამერამ გადაიღო ჩანს, როგორ აზიანებენ შენობას სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები. შემთხვევას, რომელიც გვიან საღამოს მოხდა, თვითმხილველებიც ჰყავს. სწორედ მათ გამოიძახეს ადგილზე სამართალდამცველები. "ნაციონალურ მოძრაობაში" შემთხვევას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ინციდენტები იქ ადრეც მომხდარა.

"ქართული ოცნება" კი ბრალდების საპასუხოდ განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტები პირველ რიგში სწორედ მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი, ისევე როგორც ძალადობა, მიუღებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ კვალზე სულ 4 ადამიანია დაკავებული. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალგაზრდები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რასაც ერთ-ერთი დაკავებულის ბებია ადასტურებს. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე აპოლიტიკური პიროვნებაა და მას მმართველ გუნდთან კავშირი არ აქვს. პოლიტიკურ მოტივს უარყოფს დაკავებულის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

დღის ამბები