23 აპრილი 2021,   22:09
ვრცლად
4 მარტს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, მანქანების მსვლელობის სახით გაიმართოს - ენმ-ის ოფისში პროტესტის გამოხატვის ფორმებზე მსჯელობენ

ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ძირითადი თემა, პროტესტის გამოხატვის ფორმებია, რადგან ოპოზიციამ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება პარტიების, "ლელოსა" და "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლები. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ხვალისთვის დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, მანქანების აქცია-მსვლელობის სახით გაიმართოს. 

"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ იმ რიტორიკის საშუალება, რომელიც მას აქვს, არ მივცეთ საშუალება, ჩაშალოს მოლაპარაკებები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. მათ შორის, რეფორმატირებას მოვახდენთ ამ აქციების, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.

ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას გავივლით სხვა ლიდერებთანაც, ეს იყოს აქცია მანქანების აქცია მსვლელობა, მათ შორის, რუსთაველზე და კანცელარიასთან,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა ახლა შეთანხმების მიღწევაა იქამდე, სანამ ბრიუსელში ასოცირების საბჭო გაიმართება.  

"არ შევწყვეტთ აქციებს და საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი იქნება გამოხატული, ოღონდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისეთი საპროტესტო აქციები არ გვქონდეს, რომ ფიზიკურ კონტაქტში იყოს ან პოლიციასთან, ან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, რომ არ მოხდეს რაიმე გაუგებრობა და საბაბი არ მიეცეს ხელისუფლებას, როგორც მათ ეს გუშინ გააკეთეს, რომ აქტივისტები დააკავოს. ამასთანავე, მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მივიდეს ბოლომდე.

ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს დღეებში, როდესაც შედგება რაუნდი, შევთანხმდეთ ამ საკითხებზე და უკვე ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს გამართვისთვის გვქონდეს კონკრეტული შეთანხმება,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ სანამ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას არ გაათავისუფლებენ, პროტესტი არ უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, იქამდე ხელისუფლებასთან დიალოგი სრულყოფილი ვერ იქნება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას არ ენდობა.

"ჩვენ იმდენჯერ მოგვატყუა ხელისუფლებამ, ასე ბრმად ვერ ვენდობით. უკაცრავად, მაგრამ პროპორციული არჩევნების დროს მთელი დიპლომატიური კორპუსი მოატყუეს და "გადააგდეს." ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისგან მათ ნაბიჯს, მართლა მოდიან თუ იტყუებიან. ჯერ ჯერობით, ჩანს, რომ იტყუებიან,"-აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოწინააღმდეგეები მწვავედ გააკრიტიკა, რომ დიალოგის პარალელურად დაუშვებელია დესტრუქცია, პარტიების დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებაზე უარს ამბობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები