19 აპრილი 2021,   19:36
ვრცლად
არსებული გამოწვევების ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქრთველოში ვიზიტს მმართველი პარტიის წარმომადგენლები მნიშვნელოვნად აფასებენ

ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, მთავარი თემა სავარაუდოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა იქნება.

შარლ მიშელის ვიზიტს წინ უძღოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან ისაუბროს შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობები.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი.

"რაც შეეხება დიალოგს და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და პირველ რიგში გულისხმობს იმას რომ პოლიტიკური პროცესები უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა ევროკავშირის ინტერესების გატარებაა, რომელიც ასევე ემთხვევა საქართველოს ინტერესებს:

"ევროპის საბჭოს პრეზიდენტი როდესაც ჩამოდის საქართველოში მისი მთავარი ამოცანაა ევროკავშირის ქვეყნების ინტერესების გატარება და ეს ინტერესები ემთხვევა ჩვენს საერთო ინტერესებს, ეს არის სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, ოპოზიციას თავისი და ხისტი გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ ძალიან ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენად საქმიანი იქნება ერთი თუ მეორე მხარის წინადადებები," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები