23 აპრილი 2021,   22:14
ვრცლად
საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ, ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთს არ იღებენ - ჰუბერტ ქნირში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიისა და კონსტიტუციის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მომიწვიეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის მემორიალური დღის აღსანიშნავად. 

ეს ორი თარიღი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღე აშორებს ერთმანეთისგან, მკაფიო ენით გვესაუბრება. მაშინ, ასი წლის წინ, საქართველოს არ მიეცა თავისი კონსტიტუციის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა.

ისტორიის გზავნილს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. იგი ყველა ჩვენგანისთვის ნათელია:

იცხოვრეთ თქვენი კონსტიტუციით! მუდამ თან იქონიეთ და გახსოვდეთ იგი! დაიცავით იგი თქვენი გონების  მთელი ძალით - თუნდაც იგი იყოს თქვენი საკუთარი ვიწრო ინტერესების, თქვენი პირადი იმპულსების წინააღმდეგ!

კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია.

დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმაცია.

გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციამდე ორი წლით ადრე მიიღეს, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი მაგალითი. მაგალითი იმ წყობისა, რომელიც არა გარე, არამედ შიდა აგრესიის შედეგად დაინგრა. მაგალითი დემოკრატიისა, სადაც ძალიან ბევრი მებრძოლი და ძალიან ცოტა დემოკრატი იყო.

ჩვენმა ქვეყნებმა მეორე შანსი მიიღეს. მაგრამ საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ.

ეს ნათლად ჩანს, როდესაც ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთს არ იღებენ.

ასევე ზოგადად, პარტიები ხშირად პოლიტიკის ისეთ მსოფლმხედველობას მისდევენ, სადაც მეორე მხარის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების სამსახურში ყოფნა.

თუ ეს არ შეწყდება, ეს გადაიქცევა ბრძოლად იმ გემზე, რომელიც იძირება.

ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც მოვლენებს გარედან აკვირდება. მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით.

დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისათვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი. და არც იმისათვის, რომ გააბრაზოთ ადამინები კრემლში  და მათი შიშები კვებოთ.

ამას თქვენი საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ და ვინაიდან ვალდებულნი ხართ მისი ისტორიის წინაშე. 

მაპატიეთ ჩემი გულწრფელი შენიშვნებისთვის ამ აკადემიურ წრეში. მოუთმენლად ველი კვლევების შედეგების მოსმენას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის კვლევაში," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები