28 თებერვალი 2021,   08:22
ვრცლად
მწვავე კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად და დიალოგისთვის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ნებისმიერ დროს მზად ვართ, მით უმეტეს, ჩვენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. დაფიქსირებულიც გვაქვს ამის სურვილი და კონტაქტზეც ვართ ყოველთვის, ვფიქრობთ, მათი როლი იყო და იქნება განსაკუთრებული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ საერთაშორისო კრიტიკა მოსალოდნელი იყო, თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს იმედი აქვს, რომ კრიტიკა შერბილდება, როდესაც პარტნიორები ნიკა მელიას საქმეში უფრო დეტალურად გაერკვევიან:

"დღევანდელი სურათი, ასე ზედაპირულად თუ შევხედავთ, წინასწარ ვიცოდით, რომ თუ ასეთი მოხდებოდა, არავის მოეწონებოდა, ამისთვის მზად ვიყავით, ეს კრიტიკა, რიგ შემთხვევებში საკმაოდ მწვავე, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ სანამ სიღრმეში ჩახვალ, ცუდი ნიუსია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფორმალური თუ რეალური, საკუთარ ოფისშია დაკავებული. როგორც კი ჩვენი პარტნიორები დეტალურად იქნებიან საქმის კურსში ჩაყენებული, ჩემი აზრით და იმედიც შეიძლება იყოს, კიდევ უფრო შერბილდება კრიტიკა. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს გამოწვევას უქმნის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ეუბნება, რომ მე კანონს არ შევასრულებ და ფეხებს ვერავინ მომჭამს და გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ერთადერთი გზა გაქვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა გააკეთონ ის რაც მოხდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ის ამბობს, რომ მმართველ პარტიას მართებს საერთაშორისო პარტნიორებისთვის არგუმენტების კიდევ უფრო მეტად წარდგენა და კიდევ უფრო მეტი მუშაობა და ლაპარაკი.

დღის ამბები