01 მარტი 2021,   01:20
ვრცლად
არასწორად კონსტრუირებული კითხვებია - გიორგი ვაშაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომლის თანახმადაც ამომრჩეველი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა, კითხვა არასათანადოდ იყო შედგენილი.

როგორც გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, დადებითი პასუხი დასმულ კითხვაზე  - "ეთანხმებოდნენ თუ არა  მოსაზრებას, იმისათვის რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში" არ გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციის ბოიკოტს მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს.

"სოციოლოგიაში მცირე ექსპერტიზა ვისაც აქვს, ყველა იტყვის, რომ ამ კითხვას იმის განმსაზღვრელად, რომ მხარს უჭერს თუ არა ხალხი ჩვენ ბოიკოტს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რომ ვინც მისცა ხმა იმის მხარი დაიჭიროს. აქ სადმე წერია, რომ ეთანხმება ან არ ეთანხმება ოპოზიციის გამოხატულ ბოიკოტს? სოციოლოგიურ გამოკითხვაში, კითხვაში არასწორად ერთი სიტყვის ჩასმაც კი ცვლის აბსოლუტურად შედეგს. მეც ვეთანხმები, რომ ყველა პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. ნამდვილად ასე უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა მხარეებს შორის და არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნები. ბოიკოტი ხომ ჩვენი თვითმიზანი არაა, რომ ცხოვრებაში პარლამენტში არ შევალთ. ჩვენ ვამბობთ. რომ გავუსწოროთ თვალი ფალსიფიკაციას, ტყუილებს, იმ არასწორ პროცესს რომელიც ქვეყანაში იყო და შევცვალოთ ეს ყველაფერი. შევთანხმდეთ, როგორ ვცვლით და კი ბატონო, მივიღებთ ყველა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას. მქონდა კიდეც NDI-ისთან საუბარი და აქედან საჯაროდაც ვეტყვი, არასწორად კონსტრუირებული კითხვებია და ეს არაა პასუხი. თუ გვაინტერესებს, ხალხი უჭერს თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს მხარს, მაშინ პირდაპირ უნდა დავსვათ კითხვა. ეს კი, ისეთივე ალტრუისტული კითხვაა, მაგალითად, როგორც, "თქვენი აზრით სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს?","- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები