01 მარტი 2021,   16:51
ვრცლად
ნაგვის თავზე დაყრა - პროტესტის ეს ფორმა ბოლო დღეებია კრიტიკის მიზეზია, ბრალდებული ირაკლი ფანგანი საპატიმროდან დღეს გაათავისუფლეს

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამო ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ირაკლი ჩავლეიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ირაკლი ფანგანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა და განახორციელა დევნა ძალადობით.

ბრალდება, სასჯელის სახედ, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ირაკლი ფანგანი ციხეში არ წავა, რადგან ბრალდების წარდგენის შემდეგ ის გათავისუფლდა და პროკურატურა პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს მოითხოვს.

ინციდენტი ბათუმში 23 იანვარს მაშინ მოხდა, როცა ირაკლი ჩავლეიშვილი იმ საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც ბათუმის ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედროვედ, ირაკლი ფანგანი კი აღშფოთებულ და გულანთებულ ახალგაზრდად მოიხსენია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ. სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ფანგანს  პროტესტის ფორმის შერჩევისას ზომიერებამ უღალატა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრს პროტესტის გამოხატვის ფორმას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უწუნებენ, თუმცა მათ ასევე კითხვები აქვთ საქმის სამართლებრივ ნაწილთან.

ბათუმური ინციდენტი კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ მმართველ პარტიაშიც. "ქართული ოცნების" წევრებისთვის მნიშვნელოვანია მსგავს ინციდენტებზე დროული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს, რადგან მომავალში ადგილი არ ჰქონდეს ანალოგიური ფაქტების წახალისებას.

დღის ამბები