26 თებერვალი 2021,   23:18
ვრცლად
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - ოპოზიცია, აქტივისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მათი პროტესტი პერმანენტული გახდება.

აქციის მონაწილე, გიდი ლუკა ნაკაშიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მთის კურორტებში საბაგიროებიც არ არის გახსნილი, რაც იმ სპორტსმენებსაც უშლით ხელს, რომლებიც ვარჯიშობენ. 

"ბაკურიანში, ისევე, როგორც სხვა კურორტებზე, საბაგიროები არის გათიშული, რაც არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება. ბაკურიანს სხვ კურორტებისგან ის გამოარჩევს, რომ ისედაც არის იქ ხალხი, ხდება თავშეყრა. ის, რომ არ არის საბაგირო ჩართული და ლოკალურად, თუნდაც სპორტსმენებისთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ იქ, სეზონის ჩაგდება სპორტსმენებისთვის ძალიან მძიმეა,"-აცხადებს აქციის მონაწილე. 

აქციაზე იმყოფება "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც აცხადებს, რომ შეზღუდვების მოუხსნელობის შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება.

"აქციის მიზანი არის ყველა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას ვითომ პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ. თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით კიდევ უფრო ღრმად სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვები არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე არათანაზომიერი და უსამართლოა.

"ეს არის უსამართლო, არათანაზომადი და არაპროპორციული შეზღუდვები, რომელიც გრძელდება ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და მოვითხოვთ, რომ გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკონომიკის სხვადასხვა ნაწილები. კი ბატონო, ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით, კონტროლით, მონიტორინგით, სიმკაცრით, მაგრამ აუცულებლად უნდა გაიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

დღის ამბები