26 თებერვალი 2021,   23:37
ვრცლად
ეს არის ქცევის მიუღებელი ფორმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან - მიხეილ სარჯველაძე ბათუმში მომხდართან დაკავშირებით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს ქმედებას ყველა უნდა გაემიჯნოს.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მომხდარს გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. 

"ვერ დავარქმევ ამას, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ფორმა, ეს ზღვარგადასულია, იმთავითვე არის მიუღებელი ფორმა ქცევისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. არ შეიძლება, რომ გამოხატვის თავისუფლების, ამ უზენაესი ღირებულების ნიღაბქვეშ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახით ხდებოდეს ტირაჟირება იმისა, რაც არის ჩვენი საზოგადოებისთვის სრულებით მიუღებელი.

ყველა მკაცრად და მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს, ვინაიდან ეს არ არგებს არც უფლებების განვითარებას და განხორციელებისთვის ხელის შეწყობას და, მეორე მხრივ, ეს გულისხმობს ისეთი ქცევების წახალისებას, რომელსაც მართლწესრიგთან არაფერი აქვს საერთო.

ამდენად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ისეთი რამ, რაც ჩვენ ვიხილეთ ახლახან აჭარაში, ამას არაფერი აქვს საერთო უფლებების და თავისუფლების დავასთან,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები