01 მარტი 2021,   02:13
ვრცლად
ჩვენს პარტნიორებს მიეცემათ მყარი სამართლებრივი არგუმენტი, რომ უფრო თამამად დაუჭირონ მხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას - ბექა ძამაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება იმის საფუძველი, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა უფრო თამამად და მყარად დაუჭირონ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც მინისტრის მოადგილემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამ სამართლებრივი დოკუმენტით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი კიდევ უფრო მეტად გამყარდება.

​"ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი კიდევ უფრო მეტად გამყარდება. სხვა სახელმწიფოებს მიეცემათ მეტი საფუძველი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რომ გარდა იმისა, რომ ცალკეული მუხლების დარღვევა დადგინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და, ამ სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს სიმართლე საქართველოს მხარეს იყო და ამ ომის მსხვერპლი იყო საქართვლოს მოსახლეობა და საქართველოს სახელმწიფო, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სხვა სახელმწიფოებს, ჩვენს პარტნიორებს მიეცემათ მყარი სამართლებრივი არგუმენტი, რომ უფრო თამამად და მყარად დაუჭირონ მხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას,"-განაცხადა მექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

დღის ამბები