27 იანვარი 2021,   05:01
ვრცლად
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავენ​

სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავენ. რელიგიური ჯგუფების პოზიციით, ქვეყანაში სხვადასხვა თემის უფლებები ხშირად ირღვევა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვალი არა მხოლოდ წერტილოვანი დაპირისპირებების შეჩერება, არამედ ამ მიმართულებით რიტორიკის შეცვლა და ტოლერანტული სახელმწიფოს მშენებლობა არის აუცილებელი.

"უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ვალი არის, რომ არა უბრალოდ როცა ცეცხლი გაჩნდება მაშინ ჩააქროს და ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი როცა გაჩნდება, ისე უნდა ჩააქროს, რომ არ დააზიანოს ირგვლივ ყველა.

მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ვალია, რომ ყველას უფლება დაიცვას და სახელმწიფო გასცემდეს ისეთ გზავნილებს, მესიჯებს, ისეთი მიდგომებით საუბრობდეს, რომ მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია, არსებობენ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქალაქეები," – აცხადებს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

აქვე ისინი განმარტავენ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული ყველა აღმსარებლის უფლება და თანასწორობის პრინციპი მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

"შეშფოთებული ვარ და ვნერვიულობ, ვინაიდან ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ ერთად ცხოვრება არის დაფუძნებული ყოველთვის მშვიდობაზე. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი, განსაკუთრებით კი რეგიონში საჭიროა ყურადღება რელიგიურ სფეროზე," - აცხადებს საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

შეგახსენებთ, გურიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი. დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია. 

დღის ამბები