27 იანვარი 2021,   05:43
ვრცლად
ელისაშვილის პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო და სამწუხაროა, რომ გამოეთიშა საერთო ოპოზიციურ პლატფორმას - ხატია დეკანოიძე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდნენ, ასეც მოიქცევიან, უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ელისაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში არათანმიმდევრულია.

გარდა ამისა, დეკანოიძე გამოეხმაურა ელისაშვილის პარტიის ინიციატივასაც, რომ ოპოზიციაში ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყოს.

"ბატონი ელისაშვილის პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო და სამწუხაროა, რომ იგი გამოეთიშა საერთო ოპოზიციურ პლატფორმას. ცოტა არათანმიმდევრულია, როდესაც თავიდან ამბობდა სულ სხვა რამეს, არჩევნების გაყალბების გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეიცვალა ის პოზიცია, რომელიც ჰქონდა.

ოფიციალურად შეთავაზება კონსულტაციებში მონაწილეობისა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს საერთო ფორმატი, რომელიც არის ოპოზიციური პლატფორმა და ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიუნიჭებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნების განხილვის გარეშე ეს იქნებოდა ძალიან მძიმე შედეგი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიისთვის," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციურ ერთობას საკუთარი პირობები გაცხადებული აქვს და ეს პირობები ჯერჯერობით არავის არ შეუცვლია. წერეთლის შეფასებით, ელისაშვილს საკუთარი გზა და არჩევანი აქვს და ამ შემთხვევაში დიდ ოპოზიციურ ერთობაში არ მოისაზრება.

ოპოზიციაში ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო. მიზანი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის პოზიციების შეჯერებაა. დღეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "გირჩის" წევრებს ხვდება.

დღის ამბები