16 იანვარი 2021,   19:34
ვრცლად
ოპოზიციამ ელჩებს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცა და "ქართული ოცნებისგანაც" წერილობით პასუხებს ელოდება

ოპოზიცია "ქართული ოცნების" პასუხის მოლოდინშია - ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა პარტიამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით. 

კონსულტაციებისთვის შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში, რომელიც უკვე დასრულებულია. ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები.

"ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორმა ელჩებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ "ქართულ ოცნებას" და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს. 

ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, "ქართული ოცნებისგან" არ მოსულა. "ქართული ოცნებისგან" იყო შემოთვლილი ძალიან ბუნდოვანი წინადადებები, რა წინადადებები ამას ვერ გეტყვით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"წერილობითი მოთხოვნები გადავეცით ფასილიტატორებს. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს "ქართული ოცნებიდან," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ.

"ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ "ქართული ოცნებიდან" ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება," - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

"ქართული ოცნებისგან" კომპრომისს რომ არ ველოდეთ, მოლაპარაკების პროცესზე არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან," - აღნიშნა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ​ამბობს, რომ ელჩებისთვის გადაცემული დოკუმენტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც "ქართული ოცნებისგან" საპასუხო წერილობით პასუხს მიიღებენ.

დღის ამბები