18 იანვარი 2021,   08:43
ვრცლად
როგორია ორსულებში COVID-19-ის კლინიკური ნიშნები და გადამდებია თუ არა ვირუსი ნაყოფზე - გინეკოლოგის რეკომენდაციები

გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, ორსულებში COVID-19-ის კლინიკური ნიშნები ისეთივეა, როგორიც ზოგადად ნებისმიერ ადამიანში. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ორსულებში COVID-19-ის კლინიკური ნიშნები და ვირუსის გამოვლენა ისეთივეა, როგორიც ზოგადად ნებისმიერ ადამიანში. თუმცა, თუკი მძიმე პნევმონიით გართულდა ორსულებში ვირუსი, ის გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, გამომდინარე ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან. ის, რომ ორსულობის რომელიმე პერიოდში უფრო საშიში იყოს კორონავირუსი, ასეთი კვლევა არ არსებობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში კორონავირუსის დროს დამახასიათებელია სპონტანური აბორტი. რაც შეეხება უკვე შემდეგ პერიოდებს, აქ ჩვენ გვჭირდება მონიტორინგი ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საკითხი კარგად აქვს ორგანიზებული. ორსულები პირდაპირ მიმართავენ იმ კლინიკებს, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან მათთვის. უფრო რისკჯგუფში არიან ის ორსულები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ," -განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა. 

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფს? - ამაზე გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ 9-დან 6 შემთხვევაში დედიდან მუცლად ყოფნის პერიოდში არ იქნა დადასტურებული ნაყოფის ინფიცირება.

"კვლევა, რომელიც ევროპის წამყვან კლინიკებში ჩატარდა, აღნიშნავს, რომ 9-დან 6 შემთხვევაში დედიდან მუცლად ყოფნის პერიოდში არ იქნა დადასტურებული ნაყოფის ინფიცირება. და შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა, ეს დაკავშირებული იყო მშობიარობის შემდეგ, დედისგან წვეთოვანი გზით გადაცემის გამო. საინტერესო ფაქტია ის, რომ კვლევის დროს, როდესაც ნაყოფის ჭიპლარის სისხლი შემოწმდა, მასში ვირუსი არ იქნა აღმოჩენილი. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობიარობის შემდეგ დედისგან ახალშობილისთვის ამ ვირუსის გადაცემის უფრო დიდი რისკია, ვიდრე მუცლად ყოფნის პერიოდში,"- აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, ინფიცირებული დედის მიერ არაინფიცირებული ჩვილის შემთხვევაში  ძუძუთი კვების საკითხი ბევრ ქვეყანაში აკრძალული არ არის, თუმცა ეს საკითხი ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. ასევე, მისივე თქმით, თუკი დედას კრიტიკული მდგომაროება აქვს ინფიცირების თვალსაზირისით, მაშინ ნაყოფისა და დედის განცალკევება საუკეთესო გამოსავალია.

გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს ურჩევს, რომ მათ კლინიკაში ზედმეტი რუტინული ვიზიტისაგან ამ პერიოდში თავი შეიკავონ. 

 

 

 



 

 

 

 

 

დღის ამბები