16 იანვარი 2021,   20:01
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 10 მძიმე პაციენტია, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა - მიმღები განყოფილების გამგის თქმით, კორონავირუსი თავადაც დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს, პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ამბობს, რომ კლინიკაში იზოლაციაში რჩება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც დატოვებს კლინიკას.

ზალდასტანიშვილის თქმით, კლინიკაში არის დაახლოებით 10 მძიმე პაციენტი, მათგან 4 განსაკუთრებით მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ექიმის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის მხოლოდ 2 თავისუფალი ადგილია. 

"რეგულაციების ასახვა სწრაფად არ მოხდება. სადღაც ალბათ 1 თვის, თვე-ნახევრის შემდეგ შემცირდება ნაკადი, ანუ დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, თუმცა როგორც კი მოხდება "ლოკდაუნის" ჩამოხსნა, ეს ისევე გაიზრდება იმიტომ, რომ არავინ არ ელოდება, რომ ჯაჭვი გაწყდება და ვირუსი აღარ იქნება, უბრალოდ რაღაცა მომენტში მოხდება პაციენტების რაოდენობის შემცირება და ცოტა ჰოსპიტალური სექტორის და ასევე, ამბულატორიული სექტორის ოდნავი გამოთავისუფლება," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

მაია ზალდასტანიშვილი იმედოვნებს, რომ 6 თვეში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება. მისი თქმით, პირველად მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან.

რაც შეეხება ტესტირებას,  მიმღები განყოფილების გამგე ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში დღეში კლინიკური ნიშნების მქონე 120-მდე პაციენტს უკეთდება, თუმცა შაბათ-კვირას ტესტების რაოდენობა 200-მდეც იზრდება. 

მაია ზალდასტანიშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს პაციენტი სტაციონარში.

"თუ პაციენტს დაეწყო შეუპოვარი ცხელება, ჰაერის უკმარისობა, მძიმე ინტოქსიკაციის მოვლენები, როგორიც არის ღებინება, ძლიერი ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა - ასეთი პაციენტები უნდა გადმოვიდნენ სტაციონარში," - განმარტა მაია ზალდასტანიშვილმა. 

დღის ამბები