16 იანვარი 2021,   19:02
ვრცლად
პროკურატურას არ აქვს ექსპერტიზის დისკრედიტაციის რეალური საგნობრივი საფუძველი - გიგი უგულავას ძმა

საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომაზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველებმა ახალი ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომლითაც მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ფაქტი, რომ რუკები, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება დაკავებულებს ედავება, მეცნიერული თვალსაზრისით არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო.

ამ ექსპერტიზის დასკვნის ავტორი გიგი უგულავას ძმა ირაკლი უგულავაა. სწორედ ამის გამო გაჩნდა კითხვები საქმის პოლიტიკურ მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით. 

"ეჭვქვეშ დადგა ეს საკითხი იმიტომ, რომ მე თითქოს ლიცენზია არ გამაჩნია. ეს რუკები ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაშია გაკეთებული, რომელშიც მათემატიკური საფუძვლებია დარღვეული. ასევე დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. გადამოწმდა საკონტროლო წერტილები, რომელიც არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს. პრობლემა არის ის, რომ პროკურატურას არ აქვს ექსპერტიზის დისკრედიტაციის რეალური საგნობრივი საფუძველი და ცდილობენ ისეთი საკითხებით, რომ მე რადგან გიგის ძმა ვარ და არ მაქვს ლიცენზია, დისკრედიტაცია გამიკეთონ," - აცხადებს გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა.

საქმეზე კვლავ კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმეს ერთადერთი, პოლიტიკური სარჩული აქვს. 

"კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური მიზნებით არის შეთითხნილი. ეს არის დანაშაული დაკავებული ორი ადამიანის წინაშე. ივანიშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის არად ჩააგდო მათი ბედი და პროფესიული გამოცდილება და ისინი შესწირა ამ ინტერესებს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიები დაეცვათ, იყენებდნენ იმ რუკებს, რომლის შესახებაც ქვეყნის შიგნით არსებობდა შეთანხმება, რომ ისინი კარგი და გამოსაყენებელი რუკები იყვნენ. ახლა კი აბრალებენ ისეთ აბსურდულ რამეს, ძნელია რაიმე იურიდიული არგუმენტი მოიფიქრო," - აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საუბარია სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და მათივე თქმით, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ საქმეში, კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. 

"ნეიტრალური კომენტარები და დასკვნები საექსპერტო მაღალი დონის ორგანიზაციამ უკვე გააკეთა. ფაქტია, რომ რუკები, რომლებიც გამოიყენეს არარელევანტური იყო და ისიც ფაქტია, რომ ამას მხოლოდ ის ორი ადამიანი ვერ ჩაიდენდა, ვინც დღეს პასუხისგებაშია მიცემული.

სახელმწიფოს მიდგომა ასეთია: გიგი უგულავას ძმა იქნება, თავად გიგი უგულავა იქნება თუ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ყველა კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი.

2 საათია გენერალურ პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით იმყოფება, ის გამოძიებას ჩვენებას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე აძლევს ჩვენებას. ბეჟუაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა.

 

 



 

 

 

 

 

 

დღის ამბები