24 იანვარი 2021,   17:36
ვრცლად
სააკაშვილმა უფრო მძიმე განცხადება გააკეთა, მას გაემიჯნონ იმ განცხადებაში, ერთიც უბადრუკია, მეორეც - გია ვოლსკი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის ვიდეომიმართვაზე პოლიტიკური განცხადებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა, სადაც ამბობენ, რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რადგანაც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებიც დისკრედიტაციას უწევს პოლიციას.

უმრავლესობის წევრები მოუწოდებენ საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირება მოახდინონ.

"ფაქტია, რომ ეს მისი ტექსტი, რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გააჩნია ამ საერთო პოზიციურ გუნდს, ვინაიდან ლიდერი მათი იყო, არის და მომავალშიც იქნება სააკაშვილი, რომელმაც არანაკლები მძიმე განცხადება გააკეთა, მე ვიტყოდი, რომ უფრო მძიმე განცხადება გააკეთა და დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია, მეორეც," - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მიდგომის გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია.

"რამდენი საყურადღებო მომენტია ალბათ, რომელიც ხაზგასმას მოითხოვს. პირველი ეს არის, რომ ეს ადამიანი კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც ასეთი განცხადებები გააკეთა და ავრცელებს გარკვეული ადამიანების წრეში საკუთარ ამ მიდგომას, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი.

მეორე, რაც განსაკუთრებულად ასევე აღსანიშნავია, მიდგომა, პოლიციის მიმართ გაკეთდა ეს განცხადება, რომელიც ასევე აბსოლუტურად მიუღებელი გახლავთ, ჩვენი გმირი პოლიციელები, რომლებზეც მთლიანად დგას ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში ოპოზიციის მხარდამჭერი სამართალდამცველების მიმართ აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას" მოუწოდებდა ხალხს. ვიდეომიმართვის ავტორი ასლან ვაშაყმაძე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს.

დღის ამბები