18 იანვარი 2021,   09:08
ვრცლად
"აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას არ განხილულა "კოვიდ 19" ვაქცინის საკითხი" - საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარეს დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატს ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბრისას არ განხილულა "კოვიდ 19" ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და, მით უმეტეს, არ "დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე".

"მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდე-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრეს-რელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც, შესაძლოა, ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას.

კერძოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა "კოვიდ 19" ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და, მით უმეტეს, არ "დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას. 

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი. 

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს.

აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ,  დაგეგმილია 10-11 დეკემბერს,"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები