15 იანვარი 2021,   21:51
ვრცლად
როცა ბოიკოტის რეჟიმში არის მთელი ოპოზიცია, დაფინანსების მიღება არის იგივე ლეგიტიმაცია ამ არჩევნების შედეგების - ზურა ჯაფარიძე

რომელი ოპოზიციური პარტია იტყვის სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს - ერთიან ოპოზიციას ამ საკითხზე სხვადასხვა პოზიცია აქვს. პოლიტიკური გაერთიანებებიდან მხოლოდ 5 სუბიექტი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცია ცესკოს შედეგს არ აღიარებს, არ უნდა აღიაროს ციფრები ფინანსურ ნაწილშიც.

შესაბამისი მოთხოვნებისთვის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია წერილობით კიდევ ერთხელ შეახსენებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უნდა დააფიქსირონ მოთხოვნა საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

ცნობილია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე უარს აცხადებენ. ეს პარტიებია: "ლელო", "გირჩი", "პატრიოტთა ალიანსი", "მოქალაქეები" და "ლეიბორისტული პარტია".

"გირჩის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის დროს დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის აღიარებას ნიშნავს.

"როცა ბოიკოტის რეჟიმში არის მთელი ოპოზიცია დაფინანსების მიღება, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ მოთხოვნით მიმართავს ცესკოს და აღიარებს მის მიერ დაწერილ რიცხვებს და იმ რიცხვებიდან გამომდინარე იძახი, რომ მომეცი ფულიო, არის იგივე ლეგიტიმაცია ამ არჩევნების შედეგების. ან გაქვს მართლა ბოიკოტის რეჟიმი და ამის დემონსტრირებას ახდენ სრულად, ან რაღაც თამაში გამოდის - ცალი ფეხით ამას აკეთებ, მეორე ფეხი იქით გიდგას. არასწორია უბრალოდ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ამის შედეგი იქნება ის, რომ მართლა გამოვა კობახიძე და იტყვის, რომ აგერ აი ფული მოითხოვეს, შესაბამისად აღიარებენ არჩევნების შედეგებს, არჩევნები იყო ლეგიტიმური და სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტიას არსებობისთვის დაფინანსება სჭირდება.

"რომ არ შევდივართ გასაგებია, პრობლემა არ არის, მაგრამ შენ დაფინანსებას ამომრჩეველი გაძლევს ბიუჯეტიდან ლეგიტიმურობის გამო. რა გამოდის, რომ შენ შენს ხალხს საერთოდ არაფრით ტოვებ, ხელისუფლებამ მოატყუა და გაყალბება მოხდა მათი ხმების, შენ უცებ ეუბნები, რომ აი მე გავბრაზდი და არ შევდივარ - და ეს სწორია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ საერთოდ ლიკვიდაციაზე მიდიხარ, აბა რითი იარსებებს ელემენტარული პრესსამსახური, აქ არსებობაზეა საუბარი. შენ ემზადები არჩევნებისთვის, ითხოვ ახალ არჩევნებს და რა რესურსით მოითხოვ? ჩვენ რაც გვქონდა არჩევნებისთვის ყველაფერი გავხარჯეთ," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ამ დაფინანსების არ მიღების შემთხვევაში პარტიები დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და საკუთარ საქმიანობას ვერ გააგრძელებენ.

"კანონმდებლობით ის დაფინანსება, რაზედაც მიდის საუბარი ეს არის ადამიანების ამომრჩევლის რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტოს დაფინანსება, რაზედაც ჩვენ რა თქმა უნდა უარს ვაცხადებთ იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში, შესაბამისად ლაპარაკი არის პარტიების მომავალზე. თუ ეს დაფინანსება პარტიებს არ ექნებათ, რაზედაც "ოცნებამაც“ და სხვა პარტიებმაც თანხმობა განაცხადეს , მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ვერ გააგრძელებენ რეგიონებში თავიანთ საქმიანობას და ქვეყანაში ისედაც დაბალი დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო ჩიხში მოექცევა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები