15 იანვარი 2021,   22:13
ვრცლად
ეპისკოპოსის შეთავაზება და პოლიტიკური შეფასებები - დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების ახალი ფორმატის აუცილებლობას ვერ ხედავენ

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკების სივრცედ ეკლესიას სთავაზობს, უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები.

ამ საკითხზე ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიაში მისვლის სურვილი ამ დრომდე დაპირისპირებულ მხარეებს არ გამოუთქვამთ.

დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების ახალი ფორმატის აუცილებლობას ვერ ხედავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებისთვის საჭირო სივრცე უკვე არსებობს და ეკლესიაში დიალოგის გადატანა საჭირო არ არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარ როლს პრეზიდენტი უნდა თამაშობდეს, თუმცა ის საკუთარ ფუნქციებს ვერ ასრულებს. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ასეთ ვითარებაში, მთავარ ფუნქციას უნდა თამაშობდეს პრეზიდენტი და დღეს ის, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანას რეალურად არ ჰყავს, შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილის არსებობა საერთოდ არ გვახსოვს არც კრიზისის დროს.

ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, მე ვფქრობ, რომ ძალიან კარგია, თუ ვინმე, მათ შორის ეკლესია რაიმეს გაკეთებას შეძლებს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ დემოკრატიული სისტემის საბოლოო ჩამოშლა და ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა შემთხვევაში ერთმანეთში, ვინც არ უნდა იყოს შუამავალი,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

განცხადება გააკეთა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ახალი სივრცის მოძებნა აუცილებელი არ არის. 

"პრობლემა მოდერატორებში კი არ არის, პრობლემა არის ქართულ ოცნებაში, რომელსაც არ უნდა პროცესი ადეკვატურად დაინახოს. ამიტომ, ახალი პლატფორმები საძიებელი ნამდვილად არ არის მოდელირების თვალსაზრისით, რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", აუცილებლად გონს უნდა მოეგოს, რომ ამ მძიმე კრიზისული სიტუაციიდან გამოვიდეთ ყველანი ერთად,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქართული ოცნების” წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური პროცესებში სასულიერო პირების ჩართულობის აუცილებლობას ვერ ხედავს.

"მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური როლის შესრულება არის სასარგებლო, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკაში, ასეთ სიღრმეში მათი შესვლა, უბრალოდ საჭირო არ არის,“ -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები