16 იანვარი 2021,   12:50
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციას არ შექმნიან

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კიდევ ერთი შეთანხმებისთვის ემზადება. ამ წუთებში, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები იკრიბებიან.

დღესვე უნდა მოეწეროს ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია წინასწარვე შეთანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნის.

"აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტიები არ გავუფორმებთ კოალიციას "ქართულ ოცნებას" და "ქართული ოცნება" დარჩება მარტო. მეორე გზავნილი არის ის, რომ მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ 31 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და "ქართული ოცნება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს სიმბოლური ღონისძიებაა, რადგან მისთვის წარმოუდგენელია იქ მყოფი პარტიებიდან ვინმემ "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიცია შეკრას. 

"ეს სიმბოლური ღონისძიებაა, მე ვერ წარმომიდგენია, რომ აქედან ვინმემ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნა გაუფორმოს, როცა ისინი დამარცხდებიან, ვერ გაუფორმებს ვერავინ. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. მე ჩავთვალე საჭიროდ მოვიდე და ღიად ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მზად ვართ, ვიტვირთოთ აღმშენებლობის ტვირთი ჩვენ თავზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის შეფასებით, ყველა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას უნდა ელოდოს იმ პარტიისგან, რომელსაც მხარს უჭერს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ყველა ამომრჩეველმა მკაფიოდ იცოდეს, რომელი პარტია სად დგას და რას უნდა ელოდონ მისგან, როცა ისინი შესაბამისი წონით აღმოჩნდებიან პარლამენტში. ჩვენ დღეს ვთანხმდებით, რომ არავითარ ვითარებაში არ შევუქმნით კოალიციას "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ხათუნა სამნიძემ

დღის ამბები